7/18/2013

რედაქტორის სვეტი #1

ლელა ვაშაკიძე
   თვალი არ შორდება საათის ისრებს, მაგრამ ჩემი დრო სადღაც შორს იზომება. თითოეული წამი და წუთი, საათი და დღე სავსეა ფიქრებით. მერედა, როგორ აბობოქრდებიან ეს ფიქრები ტალღებივით. იისფერ ზღვაზე გარწევენ ნელა და ელოდები ნაპირზე გასვლას, არადა, ნაპირი არ ჩანს. 
   დრო კი არ ჩერდება, სწრაფად გადის, თითქოს ჩვენზე მეტად მიიჩქარის. მიჰქრის ისე, რომ ვერ ვეწევით. სათითაოდ გაივლის თითოეულ კუთხეს და ქვეყანას. ხმები, რომელიც ერთმანეთს წვდებიან, საერთო ენით და ტკივილით საუბრობენ ერთმანეთში, თუმცა, მათ შორის დრო დგას.   მისალმებისას ერთი რომ ეტყვის: "საღამო მშვიდობისო", მეორე - "დილა მშვიდობისო" - პასუხობს, მესამე კი შუადღის დროით არის მომართული. 
    მხოლოდ ნაპირზე გასვლისას დაემთხვა მათი დრო ერთმანეთს. ისევ მიულოცავენ ლამაზი დილის გათენებას, იქ ერთი დროით იმუშავებს საათი, თუმცა, ყველას აქვს შიში, დაჟანგული ხომ არ დახვდებათ საათის ისრები? ისრები, რომელიც დიდი ხნის წინათ დატოვეს. ვაითუ, ვეღარ მოერგონ იმ დროს? მაგრამ მთავარი მაინც ნაპირზე გასვლაა!
   თქვენ როგორ გგონიათ, სხვისი დროით ცხოვრების მიუხედავად, ისინი საკუთარ დროს ითვლიან და უცქერიან შორიდან. სამშობლოს დროით უძგერთ გული, იქ მომხდარი სიხარულით ხარობენ და მწუხარებით იდაგებიან. ოღონდ, ეს არის, რომ ბევრი ვერ ხედავს მათ, რადგან ისინი დაკარგულებად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, "კარგად" ამჩნევენ უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები, ისინი, ვის დროსაც ემიგრანტები მიაგორებენ. თუმცა, ისინიც მწარედ ცდებიან, რადგან ემიგრანტების გული სამშობლოში ძგერს, გარეგნულად მომღიმარი სახეები კი ყველას აბნევს, სინამდვილეს ვერცერთი მხარე ვერ ხვდება.
   ემიგრანტების საათი ისევ მიიჩქარის.
   ერთ ისარს მათი ჯარი მიჰყვება, მეორე კი არ ჩერდება, რადგან მას ბევრ ქვეყანაში აქვს ასათვლელი ემიგრანტის დრო.
სხვადასხვა ადგილას გაფანტული ხმები ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ ეუბნებიან ერთმანეთს:
  -იქნება, ხმა მივაწვდინოთ ჩვენს სამშობლოში დატოვებულ გულებს, ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენ არ ვართ დაკარგულები! ვიდრე ნაპირზე გავალთ, ხმა მაინც მივაწვდინოთ. ბედნიერნი ვიქნებით,  როცა ნაპირს მივუახლოვდებით. ვინ იცის, რამდენი ხალხი გველოდება, მათ კი ვეტყვით, რომ ჩვენც იმ დროის ნაწილნი ვიყავით და ვართ, რომელ დროშიც მათ განვლეს ცხოვრების წლები, რომელიც ჩვენ დიდი ტანჯვით გავიარეთ...
   აი, ახლაც რა სწრაფად გაირბინა დრომ, დრო კვლავ მიგვარწევს ზღვის ტალღებზე, მთავარი მაინც ნაპირზე გასვლაა!

No comments: