დაკარგული ქართველები - უდიდესი საფრთხე
ინტერვიუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე უკვე 30 წელია, ქართული ენათმეცნიერების საკითხებს იკლევს და ამ სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის, წიგნის თუ პროექტის ავტორია.
სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის
არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - დირექტორის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში,
სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში,
ლეჩხუმში, სამეგრელოში,
ხევსურეთში, იმერეთში, ტაოში და ა.შ. არის დიალექტოლოგთა,
ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის
ორგანიზატორი; წლების განმავლობაში მისი რედაქტორობით გამოიცემოდა არაერთი სამეცნიერო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთი; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ექვსი საკანდიდატო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი; სხვადასხვა უნივერსიტეტში
ამჟამად ხელმძვანელობს 7 დოქტორანტს. გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 170-მდე სამეცნიერო შრომა (მათ შორის,
მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები)
და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი;
თუმცა, ენათმეცნიერება არ არის ერთადერთი სფერო,
სადაც პროფესორი
წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. ის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია; თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, ბათუმის პრეფექტადაც
დაინიშნა...
ტარიელ ფუტკარაძის ბიოგრაფია იმდენად ვრცელი და
საინტერესოა, რომ მის
შესახებ გაუთავებლად შეიძლება საუბარი; ის ამჟამად საპატრიარქოს წმინდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელია. ხშირად უწევს
საზოგადოების წინაშე
საუბარი ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის დიდ
გულისტკივილს გამოთქვამს.
ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებით მან საკუთარი მოსაზრებები ჩვენს
გაზეთსაც გაუზიარა. ტარიელ ფუტკარაძე ჩვენი გამოცემის პირველი რესპონდენტია და
ძალიან საინტერესო სტუმარი აღმოჩნდა:
- ცნობილია, რომ ემიგრანტის ბედი ძალიან რთულია. ისინი მოწყვეტილები არიან სამკვიდროს, ოჯახს, შვილებს. ეს განსაკუთრებით რთულია დედებისთვის, რომელთაც შვილები ჰყავთ აქ დატოვებული, თანაც არც თუ მცირე დროით. რას იტყოდით ქართველ დედებზე?

- მესმის, რომ ადამიანებს აქვთ მძიმე ყოფითი პირობები ეკონომიური პრობლემების გამო. ისიც კარგად მესმის, თუ რამდენი მატერიალური სახსარი სჭირდება შვილის ინტერესების დაკმაყოფიელბას, მაგრამ, ვფიქრობ, შვილისთვის უპირველესია დედის სითბო. დედებს, მამებს ვეუბნები: მოდით, ნუ დავუკარგავთ შვილებს მთავარ ბედნიერებას - იყოს და იზრდებოდეს მშობლებთან. ცარიელი მჭადით, მაგრამ მშობლების სიყვარულით აღზრდილ ადამიანს განვითარებული აქვს ბედნიერების განცდა, მატერიალურად უზრუნველყოფილ ბავშვს სიყვარულისა და ბედნიერების განცდა ნაკლებად განუვითარდება, თუკი ის მოკლებული იქნება მშობლიურ სითბოს... მშობლის ყოველდღიური სითბო არსებითია მოზარდისთვის; ქართული სამთაობიანი ოჯახი ადამიანური სიყვარულის გამოძერწვის საოცარი ველია.
- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ემიგრანტებს ხშირათ ენგრევათ ოჯახი. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ემიგრანტების ოჯახის გადარჩენა? როგორ მოახერხებენ ამას?
- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მინიმალური შემადგენლობის ოჯახი არის: ქმარი, ცოლი და შვილი. ნებისმიერ ნორმალურ ქალს სჭირდება მამაკაცი და პირიქით. არანაირი გამართლება არ აქვს ოჯახის წევრების წლობით დაშორებას. ნურავის ეწყინება ასეთი პირდაპირი საუბარი. ვერანაირი მატერიალური მოგება ვერ გააკომპენსირებს წლობით განცალკევებული მეუღლეების დისკომფორტს. ეს დისკომფორტი ხშირად აპირობებს უარესს შედეგს - ცოლ-ქმრის საბოლოო დაშორებას, ეს კი სამუდამო ტრავმას აყენებს მოზარდს - ჩამოყალიბების პროცესში მყოფ შვილს, არაიშვიათია ტრაგიკული შემთხვევებიც. ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს შვილის სარჩენად დედის უცხოეთში გადახვეწას? უცხოეთში დედის გადახვეწას ნამდვილად სჯობია შვილის აღსაზრდელი მინიმალური სახსარი სამშობლოში ვეძიოთ.
- დღეს, როცა საქართველო შიდა პოლიტიკური ამინდი გამოიცვალა და ახალი მთავრობა მრავალ სიახლეს დაპირდა ქართველ ერს, შემცირდება თუ არა ქართველი ემიგრანტების რიცხვი?
- როგორც წესი, უცხოეთში მიდიან ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გამო. ქვეყანაში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას დრო სჭირდება. მიმაჩნია, რომ მცირერიცხოვან საქართველოს დასაკარგი ქართველები არ ჰყავს, ამიტომ ემიგრანტები არ უნდა დაელოდონ ეკონომიკის აღორძინებას, უნდა დაბრუნდნენ დროულად, რომ ერთად ავაღორძინოთ საქართველო. მილიონი ქართველია წასული. თუ დროზე არ დაბრუნდებიან, შორეული ქვეყნებიდან მიწებისა თუ წყლის საძებნელად ჩამოსული ადამიანები დაიკავებენ მათ ადგილს. საქართველოდან გასული ჩვენი მოქალქეები დროულად უნდა დაბრუნდნენ და აქტიურად ჩაებნენ ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. ყველა ერთად უფრო მეტს გავაკეთებთ და თანაც ნაკლებ დროში.
- ჩვენი გაზეთი აპოლიტიკურია. საქართველოსა და ქართულ ენას მონატრებულ ქართველობას გვინდა, შეძლებისდაგვარად გავახსენოთ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა. მაინტერესებს ამ საკითხზე თქვენი აზრი.
- თქვენს გაზეთში ქართველი მწერლების შედევრების გამოქვეყნება აუცილებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თქვენი მკითხველი უნდა იყოს არა მხოლოდ საშუალო და უფროსი ასაკის ემიგრანტი, არამედ უცხოობაში დაბადებული მათი შვილი თუ შვილიშვილი. შესაბამისად, გაზეთმა უნდა შეძლოს მათთვის, უცხოობაში მყოფი ახალი თაობის ეთნიკური ქართველებისთვის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მიწოდება. ჩვენ ისეთი ნიჭიერად შექმნილი დიდი კულტურა გვაქვს, რომ ნამდვილად გაზრდის ემიგრანტთა შვილების ეროვნულ თუ პიროვნულ ღირსებას (როგორც ცნობილია, ადამიანის ღირსებას ქმნის როგორც პიროვნული მახასიათებლები, ასევე, წინაპრების მიერ შექმნილი კულტურა).
- ალბათ სასურველია, მათ მიეწოდოთ კლასიკური თუ თანამედროვე კრიტიკული ნარკვევებიც.
- აუცილებლად. გასათვალისწინებელია ის, რომ რუსული და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში კრიტიკაც პოლიტიზებული იყო. ეხლა მკითხველს უნდა მივაწოდოთ თანამედროვე კრიტიკოსების მიერ აკადემიურად გაანალიზებული ნაწარმოებები. მაგალითად, დღემდე ითვლებოდა, რომ ილია ჭავჭავაძემ თავის „განდეგილში“ მწყემსი ქალი გამოიყვანა დადებით გმირად, ბეთლემელი მწირი კი - დამნაშავედ, დამარცხებულად; სინამდვილეში, ჩემი აზრით, ილია ამ გენიალური ქმნილებით გვეუბნება: საქართველოში ადრე ქვეყნისთის მლოცველი ბევრი ბერი იყო, გასულ საუკუნეში მხოლოდ ერთი ისეთი წმინდა ბერი დარჩა (იგი იმიტომ მოკვდა, რომ ქალს კინაღამ აკოცა), დღეს კი ამ ქვეყანაში მხეცი და ნადირია დაბუდებული. ესაა მოწოდება ქართველობისადმი, რომ გამოვფხიზლდეთ, ყოფითი სამყაროსა და გულგრილობის ჭაობში არ ჩავიძიროთ. ამ გენიალურ პოემაში სხვა წახნაგებიცაა, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს.
- თანამედროვე მწერლებიდან ვის დაასახელებთ, რომ მათი ნაწარმოებები წაიკითხოს ჩვენმა მკითხველმა?
- საინტერესო და ეროვნული მწერალია ზურაბ თორია. შესანიშნავი პოეტია ლაშა გვასალია. ძალიან მომწონს სოსო იარღანაშვილისა და აკა მორჩილაძის ნაწერები. არ მომწონს დასავლური ზედაპირული "ნაკადის" (არსებობს დასავლური ღრმა ფსიქოლოგიური ნაკადიც) გავლენით დამკვიდრებული სნობური ეპატაჟური ქართული გოიმობები, რომელთაც გააუხეშეს ნიჭიერ ქმნილებებს მიჩვეულ ქართველთა აღქმა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მიაღწიოს ემიგრანტმა იმას, რომ დროთა განმავლობაში არ დაავიწყდეს დედაენა?
- უნდა დაბრუნდეს საქართველოში
:). წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თუ არა, მის შვილს მაინც მოუწევს აღიაროს, რომ ქართული მისთვის აღარ არის დედაენა
- მეორე ენაა. უფრო რთული იქნება მისი შვილიშვილის მდგომარეობა. ემიგრაცია მოკლე გზაა შვილის გაორებული ცნობიერებისკენ, შემდეგ კი -
შთამომავლობის მიერ ქართველობის დაკარგვისკენ. ესაა მკაცრი სინამდვილე. იშვიათ გამონაკლისებზე საუბარი არ ღირს, როცა მილიონობიოთ ქართველის დაკარგვის პერსპექტივა ძალიან რეალურია. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას, და რაც უფრო არსებითია, მათთვის, ვინც ცხოვრობს იმ ისტორიულ ქართულ მიწებზე, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამო დღეს სხვა სახელმწიფოში შედის (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, შავშეთი, საინგილო.),
ზრუნავს საქართველოს ამჟამინდელი დიასპორის (მიგრაციის) სამინისტრო; სამინისტროს ამჟამად ჰყავს შესანიშნავი მინისტრი, ბატონი კოტე სურგულაძე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს, შექმნას ქართული ენის სწავლების ინტერაქტიული ვებპორტალი. ვებგვერდის ლინკი განთავსდება დიასპორის სამინისტროს გვერდზე. ამ გზითაც შევეცდებით ემიგრანტების შვილებს დავეხმაროთ, შეინარჩუნონ დედაენა, ქართული ენა.
- მოგეხსენებათ, დღეს დიდი პრობლემაა ქართულ ენაში ბარბარიზმებისა და ჟარგონების გამოყენება. მანამდე, თუ რუსული სიტყვები მკვიდრდებოდა ქართულში, დღეს ისინი ინგლისურმა ჩაანაცვლა. ჩემი აზრით, მარტო პრესა და ტელევიზია ვერაფერს გახდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, საწყისი მაინც ოჯახი და სკოლაა. თქვენ რას ფიქრობთ ამ კუთხით?

- დღეს გლობალიზმმა მოიტანა ინგლისურის საჭიროება და შესაბამისი გავლენები. უცხო ენების, მითუმეტეს, საერთაშორისო ენის სწავლა აუცილებელია, მაგრამ უფრო მთავარია საკუთარი წინაპრების ენის ფლობა და ამ ენის საფუძველზე აზროვნება; ადამიანი ენობრივი არსებაა და ის გაცილებით კომფორტულადაა მშობლიურ ენობრივ ველში, რამდენადაც ენა აზროვნების საფუძველია. როგორც წესი, ადამიანი იმ ერის ნაწილია, რა ენითაც აზროვნებს, მაგრამ პიროვნული ღირსების მყარი საფუძველია დედაენობრივი ღირსება; შემიძლია უხეშადაც ვთქვა: ადამიანი დედაენობრივი თავმოყვარეობას თუ კარგავს, მის პიროვნულ ღირსებასაც აკლდება არსებითი წახნაგი... ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, მალე დაუბრუნდეს თავის დედაენობრივ ველს.
ამ
კონტექსტში ერთი რამეც სათქმელია:
ჩვენს ეროვნულ ღირსებას არ ეკადრება ის, რომ მიტოვებული გვაქვს ტაო-კლარჯეთი: აქაურ ქართველთა დედაენა და აქაური ქართული
ტაძრები. ხელისუფლება და საქართველოს საზოგადოება ერთიანი რომ იყოს, ტაო-კლარჯეთის ქართული განძი ცნობილი იქნებოდა მსოფლიოსთვის
და ასე გაპარტახებული არ იქნებოდა დღემდე. მაგალითად, სოფელ ოთხთაში ქართული ენა მხოლოდ მიკროტოპონიმიაშია შემორჩენილი;
აქვე ობლად დგას კლდეზე აგებული კავკასიძეების სამლოცველო და ციხე. თავმოყვარე ერი ამ ეკლესიას მაინც გააცოცხლებდა და დიდ ეროვნული სიამაყის ნაწილად
აქცევდა მსოფლიოს თვალშიც; დღემდე ასე რომ არ არის, მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ. ჩვენ რომ მოგვეწადინა, თურქეთის ხელისუფლებაც თანახმა იქნებოდა, ეს საოცარი ძეგლი აღდგენილიყო. იმედი მაქვს ამ ქართულ
ქმნილებაში აღდგება ბერმონაზვნური ცხოვრება თუ არა,
ტურისტული ბილიკი მაინც.
- ბატონო ტარიელ, მოგეხსენებათ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ვუშვებთ გაზეთს. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელებით შესაძლებელია ფართო საზოგადოებასთან უშუალო კავშირი, არსებით საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საინფორმაციო ვაკუუმი. ვფიქრობთ, ემიგრანტებისთვის საინტერესო იქნება ისეთი ქართული გაზეთი, რომელიც მცირე ხნით დაავიწყებს მათ საკუთარ ყოფით პრობლემებს და დააბრუნებს ეროვნულ ღირებულებებთან - სამშობლოსთან, თქვენ რას ფიქრობთ ამ კუთხით?
- დღეს გლობალიზაციის ახალი ტალღაა. ადრეული გლობალიზაციის სახესახვაობები იყო არაბობა, სპარსელობა, მონღოლობა, ოსმალობა, რუსობა. გლობალიზაცია წალეკავს ადამიანსა თუ ერს, თუკი ის სუსტი იქნება. გლობალიზაცია ძლიერი უცხო ტალღაა, რომელიც სუსტს აქრობს, ძლიერი კი ამ ტალღას სერფერივით იყენებს. თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი წახნაგია ელექტრონული კომუნიკაციები;
სხვაენოვანმა ვირტუალურმა სამყარომ არ უნდა შეცვალოს ქართულენოვანი წიგნი, მაგრამ, ამავე დროს არსებითია, ქართულენოვანი ვირტუალური სამყაროს სწრაფი განვითარებაც. ამ კონტექსტში ვიტყვი, რომ აუცილებელია, ქართველი ემიგრანტებისთვის გამოიცეს ელექტრონული გაზეთიც და მისი ნაბეჭდი ვარიანტიც; თქვენს
ეროვნულ გაზეთს დიდ წარმატებას ვუსურვებ არამხოლოდ საინფორმაციო, არამედ - საგანმანათლებლო
სფეროშიც.
-და ბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს მკითხველს?
-საქართველოში დაბრუნებას!
ესაუბრა ია ჭოჭუა
No comments:
Post a Comment