7/18/2013

აბუნა - ქართველი ემიგრანტების არაბი მოძღვარი


აბუნა, არაბულად "მამაოს" ნიშნავს. მან ისურვა, საფლავში ქართველი ემიგრანტების ნაჩუქარი ჯვარი ჩაეყოლებინათ...


ემიგრანტობა სევდაა, მაგრამ ზოგჯერ სიხარულიც ახლავს. არაბი მამა გიორგის გაცნობით აღვფრთოვანდი.  ხშირად  მას აბუნასაც ვეძახდით. მასთან პირველი შეხვედრა მახსენდება:
ტაძარს მივუახლოვდი, დავინახე პატარა ტანის, შავგვრემანი მღვდელი ხელში დიდი ჯვრით. როგორც კი შემნიშნა, გამიღიმა და სახელი მკითხა. შემდეგ გამესაუბრა, გამომკითხა,  მიყვარდა თუ არა  პოეზია... ვუთხარი, რომ ლექსებს ვწერდი. ჩემდა გასაკვირად, მთხოვა, მისთვის ერთი ლექსი წამეკითხა. ვერ მოვითმინე და გაოცებულმა ვკითხე:
- თქვენ ხომ ქართული არ იცით?
აბუნამ ალერსიანად გამიღიმა და მიპასუხა:
- განა ლექსი რომ შეიგრძნო, ენის ცოდნაა საჭირო?
წავუკითხე ლექსი; როდესაც დავასრულე, გულში ჩამიკრა და მითხრა:
- ძალიან მგრძნობიარე გოგონა ხარ!
იმ დღიდან დავმეგობრდით. იგი ჩემი მოძღვარი გახდა. ნებისმიერ დროს რომ დამერეკა და მეთხოვა, მოსულიყო, ჩემთან გაჩნდებოდა.
ხშირად მიწევდა მამა გიორგის საავადმყოფოში მიყვანა ქართველ პაციენტებთან. ერთხელაც, მე და დედა ეკლესიაში წავედით, იმ დღეს ვერ შევედი სალოცავად, რადგან იქ მყოფ ბავშვებს რომ შევხედე,  ავტირდი - ჩემები გამახსენდა. გადავწყვიტე, მანქანაში დავლოდებოდი დედას. არ გასულა ხუთი წუთი, აბუნა ჩემთან მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:
- მე ვხვდები ყველაფერს, მაგრამ ეგ არ არის გამოსავალი, შენ უნდა ილოცო შენი შვილებისათვის და სხვის შვილებში მათი ბედნიერი სახეები დაინახო, არ უნდა იტირო.
გავშეშდი, გულში გავიფიქრე, საიდან გაიგო ჩემი ეკლესიაში არშესვლის მიზეზი? გავყევი და ერთად შევედით ეკლესიაში, სადაც უამრავი ხალხი გვიცდიდა.
იმ დღიდან  თითქოს  სხვა ძალა მომეცა  და იმედით ავივსე. აბუნას ძალიან უყვარდა ქართველები, იგი ქართველი ემიგრანტების ნაჩუქარ ხის ჯვარს ატარებდა. აქ ზოგიერთი ქართველი ღამის ცვლაში მუშაობდა, მამაოს  ხშირად მოუმზადებია კერძი და  ემიგრანტებისთვის ღამის პირველ საათზე მიუტანია. მან ასევე შეიფარა ეკლესიაში ქართველი ემიგრანტი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი მისცა.
მამა გიორგის ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ქართული ენის გრამატიკა.  თორმეტი ენა იცოდა, ლინგვისტი იყო; ერთად ვმსჯელობდით ”ვეფხისტყაოსანზე”; ექიმბაშობაც ეხერხებოდა. ერთხელ ავად გავხდი, მოვიდა და მცენარეული წამალი მომიტანა.
ასევე, არ დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი უიღბლო დღე, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდი. მამა გიორგიმ, არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი ამბავი, სახლში მოვიდა და მითხრა:
- იქნებ,  საჭმელი მაჭამო, მშია.
მე სადილი მოვუმზადე და თან ვტიროდი, ის უცებ წამოხტა, ჩამჭიდა ხელი, არაბულად სიმღერა დაიწყო და აცეკვდა; მაიძულა, მეც მეცეკვა.  ვტიროდი და თან ვცეკვავდი... მალევე ჩემს ტირილს გულიანი სიცილი მოჰყვა.
თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა ყველგან წამეყვანა. გაოცებული მეუბნებოდა:
-თქვენ, ქართველებს ღმერთისგან ბოძებული დიდი სიყვარულის ნიჭი გაქვთ.
ძალიან უყვარდა ქართული ცეკვა და სიმღერა.
მახსოვს, დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი სახლში. მთხოვა:
- გუშინ რომ გიტარაზე სიმღერა იმღერეს, იმის ტექსტი დამიწერე.
მეც დავუწერე, შემდეგ კი მითხრა:
,-შენ მეორე ხმა მომეცი - და დაიწყო: "ჩემო ციცინათელა..."
ისე საყვარლად მღეროდა, ჩავეხუტე და ვაკოცე.
ქართული ენის სწავლა დავიწყეთ. დამშვიდობებისას სულ ერთ სიტყვას მეუბნებოდა: „აბა ჰე და აბა ჰო“. არ ვიცი რატომ,
მაგრამ ეს სიტყვა ძალიან მოსწონდა. შემპირდა, საქართველოში ერთად წავსულიყავით და ქართული ტაძრები მოგველოცა. თითქმის ყველა ტაძრის ისტორია იცოდა.  ბევრი რამ მასწავლა, ძალიან
 ხშირად იგავებით მესაუბრებოდა. ვფიქრობდი, ეს ხომ იშვიათი ბედნიერებაა, როდესაც ემიგრანტს  მამა გიორგისნაირი მეგობარი და მოძღვარი გყავს, სწორედ მან გადამატანინა უამრავი გაჭირვება და სევდა.
მახსოვს, 25 მაისი  იყო და დამირეკა, იქნებ, მინახულოო. მე მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი და მოვუბოდიშე, ვუთხარი  ზეგ შევხვდეთ-მეთქი. მან ისევ გამიმეორა, დღეს საღამოსაც ვერ მოიცლიო? დაბადების დღე სხვა შტატში იყო და მართლა ვერ მოვიცლიდი. შემდეგ კი მითხრა, არა უშავს, სხვა დროს გნახავ, უფალმა დაგლოცოს, მალე შენს შვილებს ნახავ და შემპირდი რომ შენში ბედნიერებას ყოველდღიურად იპოვი.  მისგან დალოცვა არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც დამრჩა კითხვა, რატომ უნდოდა ასე ძალიან იმ დღეს ჩემი ნახვა?
 მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა:
- ლელა, იცი, აბუნა ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას 16 წლის გოგო ”ჯიპით” დაეჯახა...
თვალები დამიბნელდა, ნუთუ მარტო დავრჩი, ჩემი ერთადერთი სულიერი მოძღვარი აღარ მყავს, ის ხომ მე ამ უცხო მიწაზე მაძლებინებდა, ის ხომ ჩემი მამა იყო, ჩემი მასწავლებელი და ჩემი ანგელოზი, რომელიც უფალმა გამომიგზავნა! მთელი დღე ვცახცახებდი, თითქოს სხეული გამეყინა. ვერ ვლაპარაკობდი და ბნელ ოთახში ჩავიკეტე, მეგონა ამ სიბნელედან ვეღარასოდეს გამოვიდოდი, დაღლილს ჩამთვლიმა და აბუნას მომღიმარე სახე დამესიზმრა: ის ძველებურად მოვიდა, თმაზე ხელი გადამისვა და მითხრა:
- თუ იტირებ, ამით უფრო დამამწუხრებ, განა მე სატირლად მაქვს საქმე?
დედაჩემის  ხმამ გამომაღვიძა. მითხრა, რომ მამა გიორგის მეორე დღეს ფლორიდაში დაკრძალავდნენ.                          
ფლორიდაში მანქანით წავედი. მისამართი არც ვიცოდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მივაგნებდი. მართლაც, ჩავუსწარი დაკრძალვას. დღემდე არ ამოდის ჩემი მეხსიერებიდან, რაც იქ ვნახე:
უზარმაზარ ეზოში ხალხის ტევა არ იყო. ამერიკაში  ხმით ტირილი არ გამეგონა. მრევლის სიმრავლეში ძლივს მივუახლოვდი აბუნას ცხედარს, რომელიც ისე იყო, თითქოს ეძინა... ცხოვრებაში თუ მიცვალებულს შევეხებოდი არ მეგონა, მას კი თავზე ხელი გადავუსვი და ხმამაღლა ავქვითინდი. მე ხომ მონატრებული ვიყავი ხმამაღლა ქვითინს. ჩემი გამზრდელი ლალი ბიცოლა სახლში ვერ დავიტირე და მანქანაში ვღრიალებდი. ეხლა კი, ჩემი ერთადერთი ნუგეშის მომცემი მეგობარი, სულიერი მამა და დაუტირებელი ბიცოლა ერთად, და თან  ქართული სიტყვებით  ვიტირე. მერე რა, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთ არ ესმოდათ ჩემი ენა, მაგრამ  აბუნა ხომ იგრძნობდა, რასაც დავტიროდი, განა მისი სიტყვები არ იყო:
- მარტო ენის ცოდნა როდია საკმარისი, რომ ადამიანის გულისნადები შეიგრძნოო. არც არავის გაუკვირდებოდა ჩემი ასეთი სიყვარული მამაოსადმი, რადგან აბუნამ სითბო და ყურადღება მრევლს თანაბრად გაუნაწილა. შემდეგ, გულზე თავი დავადე და ჩავჩურჩულე:
- გპირდები, რომ დარდს და ტანჯვას იოლად მოვერევი და ბედნიერების პოვნას ყოველთვის შევძლებ!

დასაფლავებისას სამკაულები მოხსნეს. ხის ჯვრის მოხსნა, რომ დააპირეს, მისმა მეუღლემ თქვა:
- ეგ ქართველი ემიგრანტების ჯვარია, არ მოხსნათ, დაიბარა: "როცა მოვკდები, მხოლოდ ეს ჯვარი დამიტოვეთ".  მე გავიღიმე და ჩემთვის ვთქვი:
- მან ხომ ბევრჯერ ატარა ჩვენი მძიმე ტვირთი, ემიგრანტების ცრემლით მორწყული, ჰოდა, უნდა რომ ჩვენი სევდა თან წაიღოს.
 მამა გიორგის შესახებ ყველას შეგვიძლია თითო  ფურცლის დაწერა. მისი მრევლი, ქართველი ემიგრანტები, აბუნას  ბევრ მოგონებას ვინახავთ. ყველა ერთად რომ შეგროვდეს, დიდ წიგნად აიკინძება.
       
ლელა ვაშაკიძე

No comments: