![]() |
| ფოტო აღებულია შემდეგი გვერდიდან |
უკანასკნელი კაბა ჩაკეცა ჩემოდანში… მიდის, თუმცა სიხარული არ ეტყობა ამ წასვლის გამო. წაშლილ, უაზრო მზერას ესვრის კედლებს, რომელთაც სიღარიბისა და შმორის სუნი ასდის.
-დაისვენე, დილით ადრე ხარ ასადგომი - ისმის შუა ხნის ქალის ხმა. დუმს… ნელი, არეული ნაბიჯებით უახლოვდება საწოლს, საიდანც სიცოცხლით სავსე ლურჯი თვალები შემოჰყურებენ. თვალებზე ცრემლი ადგება. შებარბაცდა კიდეც, მაგრამ თავი შეიკავა… ყვირილი უნდა, მაგრამ მოგუდულ ცრემლებს დასჯერდა ამჯერადაც.
ინათა… უკანასკნელად შეავლო თვალი შვილის საწოლს და კარი გაიხურა… ჰაერშია, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად, მიწა კი სადაც უნდა დაეშვას - სხვისია. ყურებში ტირილს ხმა ჩაესმა, ხელჩანთიდან შვილის პერანგი ამოიღო და კიდევ ერთხელ შეიგრძნო მისი სურნელი. “გავგიჟდები” - იძახის მისი გული გაბმულად და გამალებით ფეთქავს. თვითმფრინავი დაეშვა, როგორც იქნა ფეხი მიწაზე დადგა, მაგრამ ამ მიწას აღარ ასდის მშობლიური სურნელი, უკვე შმორის სუნიც მონატრებია…
დროს ვერაფერი შეაჩერებს… გარბის… გარბის… ხან უკეთესობისა და ხანაც უარესობისაკენ… ვეჩვევით ყველაფერს და “ისიც” შეეჩვია… ხან მძიმე, ხან მსუბუქი შრომით გააქვს თავი და რამდენიმე ათასეული კილომეტრით დაშორებლი ოჯახიც. სურათზე გამოსახულ ქალიშვილს, რომელსაც რამდენიმეჯერმე დაჰყურებს დღეში, მხოლოდ თვალები შერჩენია წარსულიდან. ნაცნობი მოციმციმე, მაგრამ რაღაც უცნაურიად სევდიანი გამოხედვით. ყველას სიყვარული დაიმსახურა გარშემო საკუთარი შრომითა და პატიოსანი ცხოვრებით, თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ არა… ხანდახან სკაიპით ათვალიერებს მისი ნაჯაფარი სახლის ოთახებს, რომელთაც სიცოცხლის ელფერი დასტყობიათ და ნაცრისფერი, ჩაყვითლებული კედლების ნაცვლად, ოქროსფრად ბზინავენ… ჰყვავის ყველაფერი, სანაცვლოდ კი ჭკნება გული…
გამოსაშვებ საღამოზე ყველა მშობლებთან ერთადაა. მხოლოდ ერთი გოგონა დგას განცალკევებით მოხუც ქალთან ერთად… მერე, უნივერსიეტეტის პირველ დღესაც ასეა… ყოველი დღე ასეა, ამაში გასაკვირი არაფერია. ბოლოს და ბოლოს ის არც პირველია და არც უკნასკენლი.
წარმატებული სწავლისათვის მანქანაც მიიღო დედისაგან და არც არაფერი აკლია, თუმცა გული ცივი აქვს, ყინულივით ცივი… დედა უცნობ ქალად ქცეულა, რომელიც ფულის გამოგზავისათვის გაჩნდა ამქვეყნად და მისი ერთადერთი მოვალებაც ესაა. არასოდეს უფიქრია, თავად როგორი დედა უნდა იყოს ან როგორი მეუღლე... მეგობრებიც თითქმის არ ჰყავს, ყველა გაურბის ერთობ რთული ხასიათის გამო. ძირითადად, მარტო ატარებს დროს - ჩაკეტილი და კითხულობს, ბევრს კითხულობს. ვინ იცის, რამდენ დარდსა და ტკივილს მალავენ მისი სევდიანი თვალები.
ჩვეულებრივი საღამოა იმ განსხავებით, რომ ოჯახში საზეიმო მზადებაა, დედის - სინამდვილეში კი - ვიღაც უცნობი ქალის დასახვედრად… შვილის გული ვერ გრძნობს დედის მოახლოებას, უბრალოდ, ცხოვრების რიტმს აყოლილი ცდილობს, თეფშები დაალაგოს მაგიდაზე და ხელსაწმენდებიც დაკეცოს ლამაზდ… თუმცა, ამას მექანიკურად აკეთებს, ფიქრებით სხვაგანაა და თან დაძაბულია: შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ, არა! შეხვედრა თავიდან, რადგან არ ახსოვს პირველი შეხვედრა, ან შეხვდა კი?! ალბათ, რადგან გადმოცემით ასე იცის, ხო ასე უთხრეს…
ქალაქი შეცვლილი დაუხვდა, გაახალგაზრდავებული, ჩაღამებულის ნაცვლად - გალამაზებული, მაგრამ თავად მოტეხილი დაუბრუნდა სამშობლოს…
კართან მოხუცი დედა ელოდება, ისევ ისე, ძველებურად - დრო-ჟამმა ვერაფერი დააკლო დედის სიყვარულიან გამოხედვას. დედა ისეთივე ტკბილი და თბილია, როგორც უწინ, ოღონდ მოტეხილი… საწოლს მიუახლოვდა - იქ ჩვილი აღარ წევს, სამაგიეროდ, ნაცნობი ლურჯი თვალები ზურგის მხრიდან უცქერენ უცნობ დედას… დედა ტრიალდება და გაშეშებული უყურებს ზრდასრულ, მოწიფულ ქალს… დედა-შვილი ერთმანეთთან მიახლოვებას ვერ ბედავენ… სათქმელი დაუგროვდათ რამდენი, ან იქნებ, არაფერი…
წამები საუკუნედ იქცა. ბოლოს შვილი ცივად მიესალმა დედას. ქალმა გულში ჩაიკრა მისი გაუცხოებული სხეული, მაგრამ ვერ შეძლო გაყინული გულის გათბობა. გოგონამ სამეცადინო მოიმიზეზა და საზეიმოდ გაშლილი სუფრიდან მალევე ადგა… დედა გულჩაწყვეტილია. წასვლის დროსაც კი არყოფილა ასეთი სევდიანი, თითქოს ფრთები მოსტეხეს, თუმცა ფრენა და სიხარული დიდი ხანია, უცხოა მისთვის.
სძინავს… არა, უბრალოდ თვალები აქვს დახუჭული. რა დააძინებს, ყველაფერი სტკივა… გულში პატარა პერანგი აქვს ჩაკრული, წარმოდგენითღა ახსოვს თოთო შვილის სურნელი, პერანგს კი ამ განუმეორებელი სუნის ნატამალიც აღარ შერჩენია...
ნინო მაღრაძე
"ემიგრანტ თაიმსისთვის"
13.XII.2013
.jpg)