7/18/2013

რედაქტორის სვეტი #1

ლელა ვაშაკიძე
   თვალი არ შორდება საათის ისრებს, მაგრამ ჩემი დრო სადღაც შორს იზომება. თითოეული წამი და წუთი, საათი და დღე სავსეა ფიქრებით. მერედა, როგორ აბობოქრდებიან ეს ფიქრები ტალღებივით. იისფერ ზღვაზე გარწევენ ნელა და ელოდები ნაპირზე გასვლას, არადა, ნაპირი არ ჩანს. 
   დრო კი არ ჩერდება, სწრაფად გადის, თითქოს ჩვენზე მეტად მიიჩქარის. მიჰქრის ისე, რომ ვერ ვეწევით. სათითაოდ გაივლის თითოეულ კუთხეს და ქვეყანას. ხმები, რომელიც ერთმანეთს წვდებიან, საერთო ენით და ტკივილით საუბრობენ ერთმანეთში, თუმცა, მათ შორის დრო დგას.   მისალმებისას ერთი რომ ეტყვის: "საღამო მშვიდობისო", მეორე - "დილა მშვიდობისო" - პასუხობს, მესამე კი შუადღის დროით არის მომართული. 
    მხოლოდ ნაპირზე გასვლისას დაემთხვა მათი დრო ერთმანეთს. ისევ მიულოცავენ ლამაზი დილის გათენებას, იქ ერთი დროით იმუშავებს საათი, თუმცა, ყველას აქვს შიში, დაჟანგული ხომ არ დახვდებათ საათის ისრები? ისრები, რომელიც დიდი ხნის წინათ დატოვეს. ვაითუ, ვეღარ მოერგონ იმ დროს? მაგრამ მთავარი მაინც ნაპირზე გასვლაა!
   თქვენ როგორ გგონიათ, სხვისი დროით ცხოვრების მიუხედავად, ისინი საკუთარ დროს ითვლიან და უცქერიან შორიდან. სამშობლოს დროით უძგერთ გული, იქ მომხდარი სიხარულით ხარობენ და მწუხარებით იდაგებიან. ოღონდ, ეს არის, რომ ბევრი ვერ ხედავს მათ, რადგან ისინი დაკარგულებად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, "კარგად" ამჩნევენ უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები, ისინი, ვის დროსაც ემიგრანტები მიაგორებენ. თუმცა, ისინიც მწარედ ცდებიან, რადგან ემიგრანტების გული სამშობლოში ძგერს, გარეგნულად მომღიმარი სახეები კი ყველას აბნევს, სინამდვილეს ვერცერთი მხარე ვერ ხვდება.
   ემიგრანტების საათი ისევ მიიჩქარის.
   ერთ ისარს მათი ჯარი მიჰყვება, მეორე კი არ ჩერდება, რადგან მას ბევრ ქვეყანაში აქვს ასათვლელი ემიგრანტის დრო.
სხვადასხვა ადგილას გაფანტული ხმები ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ ეუბნებიან ერთმანეთს:
  -იქნება, ხმა მივაწვდინოთ ჩვენს სამშობლოში დატოვებულ გულებს, ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენ არ ვართ დაკარგულები! ვიდრე ნაპირზე გავალთ, ხმა მაინც მივაწვდინოთ. ბედნიერნი ვიქნებით,  როცა ნაპირს მივუახლოვდებით. ვინ იცის, რამდენი ხალხი გველოდება, მათ კი ვეტყვით, რომ ჩვენც იმ დროის ნაწილნი ვიყავით და ვართ, რომელ დროშიც მათ განვლეს ცხოვრების წლები, რომელიც ჩვენ დიდი ტანჯვით გავიარეთ...
   აი, ახლაც რა სწრაფად გაირბინა დრომ, დრო კვლავ მიგვარწევს ზღვის ტალღებზე, მთავარი მაინც ნაპირზე გასვლაა!

ოლიმპიადაზე ისე ვიჭიდავებ, როგორც არასდროს არავის უჭიდავია

ოლიმპიადაზე ისე ვიჭიდავებ, როგორც არასდროს არავის უჭიდავია

თამაზ ნანიტაშვილი: ჩვენო ემიგრანტებო

ასე ინება ბუნების ძალამ

გიო საჯაია: წერილი ბოთლში

გამოუვალი  წვიმებია

ვაჟას ალუდა დაბრუნდა

ვაჟას ალუდა დაბრუნდა

ბეღურების გადაფრენა

ბეღურების გადაფრენა
სხვის შვილებში საკუთარ შვილებს ვეძებდი

საიტი, რომელიც საიტზე მეტია

საიტი, რომელიც საიტზე მეტია

ქართველები ბროდვეიზე

ქართველები ბროდვეიზე

აბუნა - ქართველი ემიგრანტების არაბი მოძღვარი


აბუნა, არაბულად "მამაოს" ნიშნავს. მან ისურვა, საფლავში ქართველი ემიგრანტების ნაჩუქარი ჯვარი ჩაეყოლებინათ...


ემიგრანტობა სევდაა, მაგრამ ზოგჯერ სიხარულიც ახლავს. არაბი მამა გიორგის გაცნობით აღვფრთოვანდი.  ხშირად  მას აბუნასაც ვეძახდით. მასთან პირველი შეხვედრა მახსენდება:
ტაძარს მივუახლოვდი, დავინახე პატარა ტანის, შავგვრემანი მღვდელი ხელში დიდი ჯვრით. როგორც კი შემნიშნა, გამიღიმა და სახელი მკითხა. შემდეგ გამესაუბრა, გამომკითხა,  მიყვარდა თუ არა  პოეზია... ვუთხარი, რომ ლექსებს ვწერდი. ჩემდა გასაკვირად, მთხოვა, მისთვის ერთი ლექსი წამეკითხა. ვერ მოვითმინე და გაოცებულმა ვკითხე:
- თქვენ ხომ ქართული არ იცით?
აბუნამ ალერსიანად გამიღიმა და მიპასუხა:
- განა ლექსი რომ შეიგრძნო, ენის ცოდნაა საჭირო?
წავუკითხე ლექსი; როდესაც დავასრულე, გულში ჩამიკრა და მითხრა:
- ძალიან მგრძნობიარე გოგონა ხარ!
იმ დღიდან დავმეგობრდით. იგი ჩემი მოძღვარი გახდა. ნებისმიერ დროს რომ დამერეკა და მეთხოვა, მოსულიყო, ჩემთან გაჩნდებოდა.
ხშირად მიწევდა მამა გიორგის საავადმყოფოში მიყვანა ქართველ პაციენტებთან. ერთხელაც, მე და დედა ეკლესიაში წავედით, იმ დღეს ვერ შევედი სალოცავად, რადგან იქ მყოფ ბავშვებს რომ შევხედე,  ავტირდი - ჩემები გამახსენდა. გადავწყვიტე, მანქანაში დავლოდებოდი დედას. არ გასულა ხუთი წუთი, აბუნა ჩემთან მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:
- მე ვხვდები ყველაფერს, მაგრამ ეგ არ არის გამოსავალი, შენ უნდა ილოცო შენი შვილებისათვის და სხვის შვილებში მათი ბედნიერი სახეები დაინახო, არ უნდა იტირო.
გავშეშდი, გულში გავიფიქრე, საიდან გაიგო ჩემი ეკლესიაში არშესვლის მიზეზი? გავყევი და ერთად შევედით ეკლესიაში, სადაც უამრავი ხალხი გვიცდიდა.
იმ დღიდან  თითქოს  სხვა ძალა მომეცა  და იმედით ავივსე. აბუნას ძალიან უყვარდა ქართველები, იგი ქართველი ემიგრანტების ნაჩუქარ ხის ჯვარს ატარებდა. აქ ზოგიერთი ქართველი ღამის ცვლაში მუშაობდა, მამაოს  ხშირად მოუმზადებია კერძი და  ემიგრანტებისთვის ღამის პირველ საათზე მიუტანია. მან ასევე შეიფარა ეკლესიაში ქართველი ემიგრანტი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი მისცა.
მამა გიორგის ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ქართული ენის გრამატიკა.  თორმეტი ენა იცოდა, ლინგვისტი იყო; ერთად ვმსჯელობდით ”ვეფხისტყაოსანზე”; ექიმბაშობაც ეხერხებოდა. ერთხელ ავად გავხდი, მოვიდა და მცენარეული წამალი მომიტანა.
ასევე, არ დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი უიღბლო დღე, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდი. მამა გიორგიმ, არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი ამბავი, სახლში მოვიდა და მითხრა:
- იქნებ,  საჭმელი მაჭამო, მშია.
მე სადილი მოვუმზადე და თან ვტიროდი, ის უცებ წამოხტა, ჩამჭიდა ხელი, არაბულად სიმღერა დაიწყო და აცეკვდა; მაიძულა, მეც მეცეკვა.  ვტიროდი და თან ვცეკვავდი... მალევე ჩემს ტირილს გულიანი სიცილი მოჰყვა.
თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა ყველგან წამეყვანა. გაოცებული მეუბნებოდა:
-თქვენ, ქართველებს ღმერთისგან ბოძებული დიდი სიყვარულის ნიჭი გაქვთ.
ძალიან უყვარდა ქართული ცეკვა და სიმღერა.
მახსოვს, დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი სახლში. მთხოვა:
- გუშინ რომ გიტარაზე სიმღერა იმღერეს, იმის ტექსტი დამიწერე.
მეც დავუწერე, შემდეგ კი მითხრა:
,-შენ მეორე ხმა მომეცი - და დაიწყო: "ჩემო ციცინათელა..."
ისე საყვარლად მღეროდა, ჩავეხუტე და ვაკოცე.
ქართული ენის სწავლა დავიწყეთ. დამშვიდობებისას სულ ერთ სიტყვას მეუბნებოდა: „აბა ჰე და აბა ჰო“. არ ვიცი რატომ,
მაგრამ ეს სიტყვა ძალიან მოსწონდა. შემპირდა, საქართველოში ერთად წავსულიყავით და ქართული ტაძრები მოგველოცა. თითქმის ყველა ტაძრის ისტორია იცოდა.  ბევრი რამ მასწავლა, ძალიან
 ხშირად იგავებით მესაუბრებოდა. ვფიქრობდი, ეს ხომ იშვიათი ბედნიერებაა, როდესაც ემიგრანტს  მამა გიორგისნაირი მეგობარი და მოძღვარი გყავს, სწორედ მან გადამატანინა უამრავი გაჭირვება და სევდა.
მახსოვს, 25 მაისი  იყო და დამირეკა, იქნებ, მინახულოო. მე მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი და მოვუბოდიშე, ვუთხარი  ზეგ შევხვდეთ-მეთქი. მან ისევ გამიმეორა, დღეს საღამოსაც ვერ მოიცლიო? დაბადების დღე სხვა შტატში იყო და მართლა ვერ მოვიცლიდი. შემდეგ კი მითხრა, არა უშავს, სხვა დროს გნახავ, უფალმა დაგლოცოს, მალე შენს შვილებს ნახავ და შემპირდი რომ შენში ბედნიერებას ყოველდღიურად იპოვი.  მისგან დალოცვა არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც დამრჩა კითხვა, რატომ უნდოდა ასე ძალიან იმ დღეს ჩემი ნახვა?
 მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა:
- ლელა, იცი, აბუნა ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას 16 წლის გოგო ”ჯიპით” დაეჯახა...
თვალები დამიბნელდა, ნუთუ მარტო დავრჩი, ჩემი ერთადერთი სულიერი მოძღვარი აღარ მყავს, ის ხომ მე ამ უცხო მიწაზე მაძლებინებდა, ის ხომ ჩემი მამა იყო, ჩემი მასწავლებელი და ჩემი ანგელოზი, რომელიც უფალმა გამომიგზავნა! მთელი დღე ვცახცახებდი, თითქოს სხეული გამეყინა. ვერ ვლაპარაკობდი და ბნელ ოთახში ჩავიკეტე, მეგონა ამ სიბნელედან ვეღარასოდეს გამოვიდოდი, დაღლილს ჩამთვლიმა და აბუნას მომღიმარე სახე დამესიზმრა: ის ძველებურად მოვიდა, თმაზე ხელი გადამისვა და მითხრა:
- თუ იტირებ, ამით უფრო დამამწუხრებ, განა მე სატირლად მაქვს საქმე?
დედაჩემის  ხმამ გამომაღვიძა. მითხრა, რომ მამა გიორგის მეორე დღეს ფლორიდაში დაკრძალავდნენ.                          
ფლორიდაში მანქანით წავედი. მისამართი არც ვიცოდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მივაგნებდი. მართლაც, ჩავუსწარი დაკრძალვას. დღემდე არ ამოდის ჩემი მეხსიერებიდან, რაც იქ ვნახე:
უზარმაზარ ეზოში ხალხის ტევა არ იყო. ამერიკაში  ხმით ტირილი არ გამეგონა. მრევლის სიმრავლეში ძლივს მივუახლოვდი აბუნას ცხედარს, რომელიც ისე იყო, თითქოს ეძინა... ცხოვრებაში თუ მიცვალებულს შევეხებოდი არ მეგონა, მას კი თავზე ხელი გადავუსვი და ხმამაღლა ავქვითინდი. მე ხომ მონატრებული ვიყავი ხმამაღლა ქვითინს. ჩემი გამზრდელი ლალი ბიცოლა სახლში ვერ დავიტირე და მანქანაში ვღრიალებდი. ეხლა კი, ჩემი ერთადერთი ნუგეშის მომცემი მეგობარი, სულიერი მამა და დაუტირებელი ბიცოლა ერთად, და თან  ქართული სიტყვებით  ვიტირე. მერე რა, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთ არ ესმოდათ ჩემი ენა, მაგრამ  აბუნა ხომ იგრძნობდა, რასაც დავტიროდი, განა მისი სიტყვები არ იყო:
- მარტო ენის ცოდნა როდია საკმარისი, რომ ადამიანის გულისნადები შეიგრძნოო. არც არავის გაუკვირდებოდა ჩემი ასეთი სიყვარული მამაოსადმი, რადგან აბუნამ სითბო და ყურადღება მრევლს თანაბრად გაუნაწილა. შემდეგ, გულზე თავი დავადე და ჩავჩურჩულე:
- გპირდები, რომ დარდს და ტანჯვას იოლად მოვერევი და ბედნიერების პოვნას ყოველთვის შევძლებ!

დასაფლავებისას სამკაულები მოხსნეს. ხის ჯვრის მოხსნა, რომ დააპირეს, მისმა მეუღლემ თქვა:
- ეგ ქართველი ემიგრანტების ჯვარია, არ მოხსნათ, დაიბარა: "როცა მოვკდები, მხოლოდ ეს ჯვარი დამიტოვეთ".  მე გავიღიმე და ჩემთვის ვთქვი:
- მან ხომ ბევრჯერ ატარა ჩვენი მძიმე ტვირთი, ემიგრანტების ცრემლით მორწყული, ჰოდა, უნდა რომ ჩვენი სევდა თან წაიღოს.
 მამა გიორგის შესახებ ყველას შეგვიძლია თითო  ფურცლის დაწერა. მისი მრევლი, ქართველი ემიგრანტები, აბუნას  ბევრ მოგონებას ვინახავთ. ყველა ერთად რომ შეგროვდეს, დიდ წიგნად აიკინძება.
       
ლელა ვაშაკიძე

მთავარი საფრთხე - ქართველობის დაკარგვაა

დაკარგული ქართველები - უდიდესი საფრთხე

ინტერვიუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან
 
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე  უკვე  30 წელია, ქართული ენათმეცნიერების საკითხებს იკლევს და ამ სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის, წიგნის  თუ  პროექტის ავტორია. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის თანამდებობაზე;  სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებსაჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერეთში, ტაოში და .შ.  არის  დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორი; წლების განმავლობაში მისი რედაქტორობით გამოიცემოდა არაერთი სამეცნიერო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთი; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ექვსი საკანდიდატო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი; სხვადასხვა უნივერსიტეტში ამჟამად ხელმძვანელობს  7 დოქტორანტს. გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 170-მდე სამეცნიერო შრომა (მათ შორის,  მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები) და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი; თუმცა, ენათმეცნიერება არ არის ერთადერთი სფერო, სადაც  პროფესორი  წლების განმავლობაში მოღვაწეობდაის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია; თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას  გადაწყვეტილებით,  ბათუმის პრეფექტადაც დაინიშნა... 
 ტარიელ ფუტკარაძის ბიოგრაფია იმდენად ვრცელი და საინტერესოა, რომ მის შესახებ გაუთავებლად შეიძლება საუბარი; ის  ამჟამად საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელიახშირად უწევს საზოგადოების წინაშე საუბარი ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე და  ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის დიდ გულისტკივილს გამოთქვამს.
ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებით მან საკუთარი მოსაზრებები   ჩვენს გაზეთსაც გაუზიარა. ტარიელ ფუტკარაძე ჩვენი გამოცემის პირველი რესპონდენტია  და ძალიან საინტერესო სტუმარი აღმოჩნდა:
- ცნობილია, რომ ემიგრანტის ბედი ძალიან რთულია. ისინი მოწყვეტილები არიან სამკვიდროს, ოჯახს, შვილებს. ეს განსაკუთრებით რთულია დედებისთვის, რომელთაც შვილები ჰყავთ აქ დატოვებული, თანაც არც თუ მცირე დროით. რას იტყოდით ქართველ დედებზე

-
მესმის, რომ ადამიანებს აქვთ მძიმე ყოფითი პირობები ეკონომიური პრობლემების გამო. ისიც კარგად მესმის, თუ რამდენი მატერიალური სახსარი სჭირდება შვილის ინტერესების დაკმაყოფიელბას, მაგრამ, ვფიქრობ, შვილისთვის უპირველესია დედის სითბო. დედებს, მამებს ვეუბნები: მოდით, ნუ დავუკარგავთ შვილებს მთავარ ბედნიერებას - იყოს და იზრდებოდეს მშობლებთან. ცარიელი მჭადით, მაგრამ მშობლების სიყვარულით აღზრდილ ადამიანს განვითარებული აქვს ბედნიერების განცდა, მატერიალურად უზრუნველყოფილ ბავშვს სიყვარულისა და ბედნიერების განცდა ნაკლებად განუვითარდება, თუკი ის მოკლებული იქნება მშობლიურ სითბოს... მშობლის ყოველდღიური სითბო არსებითია მოზარდისთვის; ქართული სამთაობიანი ოჯახი ადამიანური სიყვარულის გამოძერწვის საოცარი ველია.

-
ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ემიგრანტებს ხშირათ ენგრევათ ოჯახი. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ემიგრანტების ოჯახის გადარჩენა? როგორ მოახერხებენ ამას?

-
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მინიმალური შემადგენლობის ოჯახი არის: ქმარი, ცოლი და შვილი. ნებისმიერ ნორმალურ ქალს სჭირდება მამაკაცი და პირიქით. არანაირი გამართლება არ აქვს ოჯახის წევრების წლობით დაშორებას. ნურავის ეწყინება ასეთი პირდაპირი საუბარი. ვერანაირი მატერიალური მოგება ვერ გააკომპენსირებს წლობით განცალკევებული მეუღლეების დისკომფორტს. ეს დისკომფორტი ხშირად აპირობებს უარესს შედეგს - ცოლ-ქმრის საბოლოო დაშორებას, ეს კი სამუდამო ტრავმას აყენებს მოზარდს - ჩამოყალიბების პროცესში მყოფ შვილს, არაიშვიათია ტრაგიკული შემთხვევებიც. ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს შვილის სარჩენად დედის უცხოეთში გადახვეწას? უცხოეთში დედის გადახვეწას ნამდვილად სჯობია შვილის აღსაზრდელი მინიმალური სახსარი სამშობლოში ვეძიოთ.
- დღეს, როცა საქართველო შიდა პოლიტიკური ამინდი გამოიცვალა და ახალი მთავრობა მრავალ სიახლეს დაპირდა ქართველ ერს, შემცირდება თუ არა ქართველი ემიგრანტების რიცხვი?

-
როგორც წესი, უცხოეთში მიდიან ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გამო. ქვეყანაში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას დრო სჭირდება. მიმაჩნია, რომ მცირერიცხოვან საქართველოს დასაკარგი ქართველები არ ჰყავს, ამიტომ ემიგრანტები არ უნდა დაელოდონ ეკონომიკის აღორძინებას, უნდა დაბრუნდნენ დროულად, რომ ერთად ავაღორძინოთ საქართველო. მილიონი ქართველია წასული. თუ დროზე არ დაბრუნდებიან, შორეული ქვეყნებიდან მიწებისა თუ წყლის საძებნელად ჩამოსული ადამიანები დაიკავებენ მათ ადგილს. საქართველოდან გასული ჩვენი მოქალქეები დროულად უნდა დაბრუნდნენ და აქტიურად ჩაებნენ ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. ყველა ერთად უფრო მეტს გავაკეთებთ და თანაც ნაკლებ დროში.
- ჩვენი გაზეთი აპოლიტიკურია. საქართველოსა და ქართულ ენას მონატრებულ ქართველობას გვინდა, შეძლებისდაგვარად გავახსენოთ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა. მაინტერესებს ამ საკითხზე თქვენი აზრი.

-
თქვენს გაზეთში ქართველი მწერლების შედევრების გამოქვეყნება აუცილებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თქვენი მკითხველი უნდა იყოს არა მხოლოდ საშუალო და უფროსი ასაკის ემიგრანტი, არამედ უცხოობაში დაბადებული მათი შვილი თუ შვილიშვილი. შესაბამისად, გაზეთმა უნდა შეძლოს მათთვის, უცხოობაში მყოფი ახალი თაობის ეთნიკური ქართველებისთვის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მიწოდება. ჩვენ ისეთი ნიჭიერად შექმნილი დიდი კულტურა გვაქვს, რომ ნამდვილად გაზრდის ემიგრანტთა შვილების ეროვნულ თუ პიროვნულ ღირსებას (როგორც ცნობილია, ადამიანის ღირსებას ქმნის როგორც პიროვნული მახასიათებლები, ასევე, წინაპრების მიერ შექმნილი კულტურა).
- ალბათ სასურველია, მათ მიეწოდოთ კლასიკური თუ თანამედროვე კრიტიკული ნარკვევებიც.

-
აუცილებლად. გასათვალისწინებელია ის, რომ რუსული და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში კრიტიკაც პოლიტიზებული იყო. ეხლა მკითხველს უნდა მივაწოდოთ თანამედროვე კრიტიკოსების მიერ აკადემიურად გაანალიზებული ნაწარმოებები. მაგალითად, დღემდე ითვლებოდა, რომ ილია ჭავჭავაძემ თავის „განდეგილში“ მწყემსი ქალი გამოიყვანა დადებით გმირად, ბეთლემელი მწირი კი - დამნაშავედ, დამარცხებულად; სინამდვილეში, ჩემი აზრით, ილია ამ გენიალური ქმნილებით გვეუბნება: საქართველოში ადრე ქვეყნისთის მლოცველი ბევრი ბერი იყო, გასულ საუკუნეში მხოლოდ ერთი ისეთი წმინდა ბერი დარჩა (იგი იმიტომ მოკვდა, რომ ქალს კინაღამ აკოცა), დღეს კი ამ ქვეყანაში მხეცი და ნადირია დაბუდებული. ესაა მოწოდება ქართველობისადმი, რომ გამოვფხიზლდეთ, ყოფითი სამყაროსა და გულგრილობის ჭაობში არ ჩავიძიროთ. ამ გენიალურ პოემაში სხვა წახნაგებიცაა, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს.
- თანამედროვე მწერლებიდან ვის დაასახელებთ, რომ მათი ნაწარმოებები წაიკითხოს ჩვენმა მკითხველმა?

-
საინტერესო და ეროვნული მწერალია ზურაბ თორია. შესანიშნავი პოეტია ლაშა გვასალია. ძალიან მომწონს სოსო იარღანაშვილისა და აკა მორჩილაძის ნაწერები. არ მომწონს დასავლური ზედაპირული "ნაკადის" (არსებობს დასავლური ღრმა ფსიქოლოგიური ნაკადიც) გავლენით დამკვიდრებული სნობური ეპატაჟური ქართული გოიმობები, რომელთაც გააუხეშეს ნიჭიერ ქმნილებებს მიჩვეულ ქართველთა აღქმა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მიაღწიოს ემიგრანტმა იმას, რომ დროთა განმავლობაში არ დაავიწყდეს დედაენა?
- უნდა დაბრუნდეს საქართველოში :). წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თუ არა, მის შვილს მაინც მოუწევს აღიაროს, რომ ქართული მისთვის აღარ არის დედაენა - მეორე ენაა. უფრო რთული იქნება მისი შვილიშვილის მდგომარეობა. ემიგრაცია მოკლე გზაა შვილის გაორებული ცნობიერებისკენ, შემდეგ კი - შთამომავლობის მიერ ქართველობის დაკარგვისკენ. ესაა მკაცრი სინამდვილე. იშვიათ გამონაკლისებზე საუბარი არ ღირს, როცა მილიონობიოთ ქართველის დაკარგვის პერსპექტივა ძალიან რეალურია. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას, და რაც უფრო არსებითია, მათთვის, ვინც ცხოვრობს იმ ისტორიულ ქართულ მიწებზე, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამო დღეს სხვა სახელმწიფოში შედის (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, შავშეთი, საინგილო.), ზრუნავს საქართველოს ამჟამინდელი დიასპორის (მიგრაციის) სამინისტრო; სამინისტროს ამჟამად ჰყავს შესანიშნავი მინისტრი, ბატონი კოტე სურგულაძე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს, შექმნას ქართული ენის სწავლების ინტერაქტიული ვებპორტალი. ვებგვერდის ლინკი განთავსდება დიასპორის სამინისტროს გვერდზე. ამ გზითაც შევეცდებით ემიგრანტების შვილებს დავეხმაროთ, შეინარჩუნონ დედაენა, ქართული ენა.
- მოგეხსენებათ, დღეს დიდი პრობლემაა ქართულ ენაში ბარბარიზმებისა და ჟარგონების გამოყენება. მანამდე, თუ რუსული სიტყვები მკვიდრდებოდა ქართულში, დღეს ისინი ინგლისურმა ჩაანაცვლა. ჩემი აზრით, მარტო პრესა და ტელევიზია ვერაფერს გახდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, საწყისი მაინც ოჯახი და სკოლაა. თქვენ რას ფიქრობთ ამ კუთხით?

-
დღეს გლობალიზმმა მოიტანა ინგლისურის საჭიროება და შესაბამისი გავლენები. უცხო ენების, მითუმეტეს, საერთაშორისო ენის სწავლა აუცილებელია, მაგრამ უფრო მთავარია საკუთარი წინაპრების ენის ფლობა და ამ ენის საფუძველზე აზროვნება;  ადამიანი ენობრივი არსებაა და ის გაცილებით კომფორტულადაა მშობლიურ ენობრივ ველში, რამდენადაც ენა აზროვნების საფუძველია. როგორც წესი, ადამიანი იმ ერის ნაწილია, რა ენითაც აზროვნებს, მაგრამ პიროვნული ღირსების მყარი საფუძველია დედაენობრივი ღირსება; შემიძლია უხეშადაც ვთქვა: ადამიანი დედაენობრივი თავმოყვარეობას თუ კარგავს, მის პიროვნულ ღირსებასაც აკლდება არსებითი წახნაგი... ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, მალე დაუბრუნდეს თავის დედაენობრივ ველს.
ამ კონტექსტში ერთი რამეც სათქმელია: ჩვენს ეროვნულ ღირსებას არ ეკადრება ის, რომ  მიტოვებული გვაქვს ტაო-კლარჯეთი: აქაურ ქართველთა დედაენა და აქაური ქართული ტაძრები. ხელისუფლება და საქართველოს საზოგადოება ერთიანი რომ იყოს, ტაო-კლარჯეთის ქართული განძი ცნობილი იქნებოდა მსოფლიოსთვის და ასე გაპარტახებული არ იქნებოდა დღემდე. მაგალითად, სოფელ ოთხთაში ქართული ენა მხოლოდ მიკროტოპონიმიაშია შემორჩენილი; აქვე ობლად დგას კლდეზე აგებული კავკასიძეების სამლოცველო და ციხე. თავმოყვარე ერი ამ ეკლესიას მაინც გააცოცხლებდა და დიდ ეროვნული სიამაყის ნაწილად აქცევდა მსოფლიოს თვალშიც; დღემდე ასე რომ არ არის, მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ. ჩვენ რომ მოგვეწადინა, თურქეთის ხელისუფლებაც თანახმა იქნებოდა, ეს საოცარი ძეგლი აღდგენილიყო. იმედი მაქვს ამ ქართულ ქმნილებაში აღდგება ბერმონაზვნური ცხოვრება თუ არა, ტურისტული ბილიკი მაინც.

- ბატონო ტარიელ, მოგეხსენებათ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ვუშვებთ გაზეთს. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელებით შესაძლებელია ფართო საზოგადოებასთან უშუალო კავშირი, არსებით საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საინფორმაციო ვაკუუმი. ვფიქრობთ, ემიგრანტებისთვის საინტერესო იქნება ისეთი ქართული გაზეთი, რომელიც მცირე ხნით დაავიწყებს მათ საკუთარ ყოფით პრობლემებს და დააბრუნებს ეროვნულ ღირებულებებთან - სამშობლოსთან, თქვენ რას ფიქრობთ ამ კუთხით?
- დღეს გლობალიზაციის ახალი ტალღაა. ადრეული გლობალიზაციის სახესახვაობები იყო არაბობა, სპარსელობა, მონღოლობა, ოსმალობა, რუსობა. გლობალიზაცია წალეკავს ადამიანსა თუ ერს, თუკი ის სუსტი იქნება. გლობალიზაცია ძლიერი უცხო ტალღაა, რომელიც სუსტს აქრობს, ძლიერი კი ამ ტალღას სერფერივით იყენებს. თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი წახნაგია ელექტრონული კომუნიკაციები; სხვაენოვანმა ვირტუალურმა სამყარომ არ უნდა შეცვალოს ქართულენოვანი წიგნი, მაგრამ, ამავე დროს არსებითია, ქართულენოვანი ვირტუალური სამყაროს სწრაფი განვითარებაც. ამ კონტექსტში ვიტყვი, რომ აუცილებელია, ქართველი ემიგრანტებისთვის გამოიცეს ელექტრონული გაზეთიც და მისი ნაბეჭდი ვარიანტიც; თქვენს ეროვნულ გაზეთს დიდ წარმატებას ვუსურვებ არამხოლოდ საინფორმაციო, არამედ - საგანმანათლებლო სფეროშიც.

-
და ბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს მკითხველს?

-
საქართველოში დაბრუნებას!


ესაუბრა   ია ჭოჭუა